ფეხბურთის ფედერაციამ 1000-მდე მასწავლებელი გადაამზადა
24 მარტს, 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ფეხბურთის ფედერაცია გამართავს შეხვედრას ფედერაციის მიერ გადამზადებულ 1000-მდე მასწავლებელს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იმუშავებენ. ღონისძიებას დაესწრებიან ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამა – ათასი სკოლა. პროგრამის პირველ ეტაპზე ქვეყნის რეგიონების 1000-მდე სკოლის სპორტის მასწავლებელი უკვე გადამზადდა და ისინი მზად არიან განსაკუთრებული როლი შეასრულონ მომავალი თაობების აღზრდის პროცესში.
ფეხბურთის ფედერაციამ შეადგინა და გამოსცა სპეციალური წესების წიგნი, რომელიც გადამზადებულ სპეციალისტებს გადაეცათ და მზადების პროსეცში დაეხმარებათ. წიგნში დეტალურად არის გაწერილი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის მზადების პროცესის წარმართვის გეგმა, რის მიხედვითაც მასწავლებლები სავარჯიშო პროცესს ჩაატარებენ.
პედაგოგებს შესაბამისი ეკიპირება გადაეცემათ, მოგვიანებით კი საჯარო სკოლები მიიღებენ, სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინვენტარს. მასწავლებლები იმუშავებენ 1-2 კლასის მოსწავლეებთან, რადგან ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარების მიმართულების განსასაზღვრად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ჯანმრთელი მომავლის შექმნის თვალსაზრისით. მასწავლებლების გადამზადებაზე იმუშავეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა ინსტრუქტორებმა.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური
Gff.Ge