რაიოლა: “იუნაიტედმა” პოგბას შეძენისას დიდი ეკონომია გააკეთა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ინგლისურმა კლუბმა ფრანგი ფეხბურთელი ძალზედ იაფად შეიძინა. შეგახსენებთ, რომ “წითელმა ეშმაკებმა” 2016 წელს მის სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც იმ დროს სარეკორდო თანხა იყო.
“სანამ სატელევიზიო უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავლები ზრდას გააგრძელებს, ფეხბურთელებმაც მეტი თანხა უნდა მიიღონ. მე ჩემი კლიენტების ფასს ზღვარს არ ვუწესებ. პირიქით. მაგალითად, “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა მე ვთვლი, რომ მაშინ ფრანგი ფეხბურთელის ფასი 200 მილიონი იყო.
პოგბას კონტრაქტში ჩაწერილი იყო პუნქტი, რომლის წყალობითაც მას დამოუკიდებლად შეეძლო აერჩია ის კლუბი, სადაც გააგრძელებდა კარიერას. “იუვენტუსი” მის სანაცვლოდ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. შესაძლებელი იყო, რომ ტურინელებს ის მადრიდის “რეალში” 200 მილიონ ევროდ გაეყიდათ, თუმცა პოლმა “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა აირჩია. აქედან გამომდინარე, “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბას შეძენისას 100 მილიონი ევრო დაზოგა”, – აღნიშნა მინო რაიოლამ ჟურნალ Quote-სთვის მიცემულ ინტერვიუში.