საქართველოს ნაკრებმა ესტონეთიც დაამარცხა!
დღეს საქართველოს ნაკრებმა “მიხეილ მესხზე” მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ვლადიმერ ვაისის დამოძღვრილი ბიჭები ამჯერად ესტონეთს დაუპირისპირდნენ.
პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც საჯარიმოში გამოვარდნილი ბურთი ჯიმი ტაბიძეს მიუვიდა. ახალგაზრდა მცველმა მეექვსე წუთზე ახლო მანძილიდან შეუგდო მეტოქეს. 35-ე წუთზე ყაზაიშვილმა კვეკვესკირისგან მიიღო ბურთი, მან მოედნის სიღრმიდან, მეტოქის ნახევარზე დაიწყო სვლა, ერთი მოწინააღმდეგე მოატყუა და მარჯვენა ფეხის გარე ნაწილით აჭრა ბურთი – MLS-ში მოთამაშე შემტევს შესანიშნავი გოლი გამოუვიდა!
მეორე ნახევარში, 64-ე წუთზე კვეკვესკირმა ზუსტი, ლამაზი პასი გაუკეთა საჯარიმოში მყოფ ჯიღაურს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა. მან გვერდზე მდგომ კაჭარავს გადააწოდა ბურთი, თუმცა ამ უკანასკნელს მეკარემ აუღო. ამის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა აღარაფერი შეუცვლია. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 2-0 მოვიგეთ!
საქართველო: მაკარიძე; კაკაბაძე, ტაბიძე, კვერკველია (კაშია, 84 წთ.) , შერგელაშვილი (დვალი 61 წთ.); კანკავა, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, მერებაშვილი (ჯიღაური 61 წთ.), პაპუნაშვილი (აბურჯანია, 81 წთ.); კაჭარავა (არაბული (ქვილითაია 75 წთ.)).
ესტონეთი: მეერტისი, პიკი, კაიტი, ანიერი, ზენიოვი, ლეპისტუ, კლავანი, ანტონოვი, ტენისტე, მოროზოვი, ტამი.