შევჩენკო: “მომავალში საკლუბო დონეზე მწვრთნელობას ვისურვებდი”
უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო გამოტყდა, რომ მომავალში სკალუბო დონეზე სურს მუშაობა.
“დღესდღეობით უკრაინის ნაკრების თავკაცობაზე ვარ ფოკუსირებული, მაგრამ მომავალში საკლუბო დონეზე მუშაობას ვისურვებდი. ყოველდღიური საქმიანობა მომწონს, ეს დიდ შესაძლებლობებს გაძლევს.
მინდა ისეთი გუნდის აშენება, რომელიც გამარჯვებებს მოიპოვებს და ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს. მომწონს სწრაფი გადაცემები, აქტიური პრესინგი და ბურთის კონტროლი. ისიც მესმის, რომ ხალხს ჩემი მწვრთნელად აღქმა ჯერ კიდევ უჭირს. ამისთვის დრო არის საჭირო.
კარიერის განმავლობაში რთული პერიოდებიც მქონია. როდესაც “ჩელსიდან” “მილანში” დავბრუნდი, ყველაფერი ძველებურად კარგად აღარ იყო. საბოლოო ჯამში, გარკვეულ დონეზე დაბრუნება მოვახერხე და საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ტიტულების მოგება შემეძლო. როდესაც საქმე კარგად მიდის, ამას ვერ აფასებ, ხოლო როდესაც სირთულეებს აწყდები, დარტყმების მიღება უნდა შეგეძლოს. საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს ყოველდღიურად უნდა უმტკიცო, რომ რაღაცის მიღწევა შეგიძლია. თუ ამ ყველაფერს შეძლებ, მიღწეულს უფრო დააფასებ”, – შევჩენკოს კომენტარი Sky Sport Italia-მ გამოაქვეყნა.