რატომ თამაშობს ვარდი რონალდუს ბუცით (ფოტო)
“ლესტერ სიტისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუსთვის შეკერილი ბუცით (CR7) უკვე არაერთი მატჩი ჩაატარა.
ინგლისელი ფეხბურთელი კომპანია Nike-ს ბუცით თამაშობს, რომელიც სპეციალურად კრიშტიანუ რონალდუსთვის შეიკერა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ჯეიმი ვარდიმ Nike-ს ბუცის შეკერვა ჯერ კიდევ იანვარში დაუკვეთა, თუმცა ინგლისელს მაშინ შემოთავაზებული ვარიანტი არ მოეწონა და დროებით რონალდუს ბუცით გადაწყვიტა თამაში. ფეხბურთელების ცრუმორწმუნეობის ამბავი მოგეხსენებათ. ვარდიმ ცხრა მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და “იღბლიანი” ბუცის დატოვება გადაწყვიტა.
ჯეიმი ვარდიმ გუშინწინ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ანგარიში გახსნა, თუმცა “სკუადრა აძურამ” მოგვიანებით წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.