ეროვნული ლიგის მეოთხე ტური: პრევიუ
ხვალ ეროვნული ლიგა განახლდება. Fanebi.Com-ი მეოთხე ტურის პრევიუს გთავაზობთ.
თბილისის “ლოკომოტივი” – საჩხერის “ჩიხურა”
დასაწყისი: 31 მარტი, 16:00 საათი
“მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივი” “ჩიხურას” უმასპინძლებს. დედაქალაქელები საშინელ ფორმაში არიან. მათ წინა სამი მატჩიდან სამივე წააგეს, ათი ბურთი გაუშვეს და მხოლოდ ორი გაიტანეს. ისინი ნული ქულით ბოლო პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “ჩიხურას”, იმერლებმა ცხრა შესაძლო ქულიდან შვიდი მოიპოვეს და მხოლოდ “საბურთალოს” ჩამორჩებიან.
რუსთავის “რუსთავი” – თბილისის “საბურთალო”
დასაწყისი: 31 მარტი, 18:30 წუთი
“მიხეილ მესხზე”, ფაქტობრივად, ნომინალური მასპინძელი “რუსთავი” იქნება, რომელიც “საბურთალოს” მიიღებს. რუსთაველებმა, მიუხედავად, ბევრი ფეხბურთელის დამატებისა, მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს. ბოლოს კი, “ჩიხურასთან” დამარცხდნენ. “საბურთალო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც სამიდან სამივე მატჩი მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია.
გორის “დილა” – ბოლნისის “სიონი”
დასაწყისი: 31 მარტი, 20:00 საათი
“თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილა” “სიონს” მიიღებს. მასპინძლებმა ყველანაირი შედეგი (წაგება, მოგება, ფრე) დააფიქსირეს წინა სამ ტურში და ახლა ოთხი ქულა აქვთ. ბოლოს, ისინი “საბურთალოსთან” დამარცხდნენ. გორელები მეხუთე პოზიციას იკავებენ. ბოლნისის “სიონი” კი ასევე ოთხი ქულით “დილას” ერთი ადგილით ჩამორჩება.
თბილისის “დინამო” – ქუთაისის “ტორპედო”
დასაწყისი: პირველი აპრილი, 16:00 საათი
ტურის ცენტრალური მატჩი “დინამო არენაზე” შედგება. დედაქალაქს ქუთაისელები ესტუმრებიან. “დინამომ”, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ორივე შეხვედრა მოიგო. ახლა მას ექვსი ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. ხოლო, “ტორპედოსაც” ანალოგიური შედეგი აქვს. თუმცა, ბურთების უარესი მაჩვენებლის გამო, იგი მეოთხე პოზიციას იკავებს.
სამტრედიის “სამტრედია” – ფოთის “კოლხეთი”
დასაწყისი: პირველი აპრილი, 19:00 საათი
ბოლო მატჩი “მიხეილ მესხზე” შედეგება, სადაც ერთმანეთს “სამტრედია” და “კოლხეთი” დაუპირისპირდებიან. იმერლებმა ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს და ახლა სამი ქულით მერვე ადგილზე არიან. რაც შეეხებათ მეგრელებს, “კოლხეთი” ერთ-ერთი აუტსაიდერია. მას წინა ტურში “სიონთან” გაგორებული ფრის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა.