ზიდანი: “რონალდუ განსაკუთრებულია”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ტურინის “იუვენტუსთან” მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ (0-3) პრესასთან ისაუბრა და მატჩის გმირს, რონალდუს შეაქო.
“იუვეს” კარში სამი გოლი გატანა, განსაკუთრებით მათ სტადიონზე, ადვილი ნამდვილად არ არის. ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ “იუვენტუსიც” კარგად გამოიყურებოდა, მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვყავდით და საგოლე მომენტებსაც ქმნიდა.
რა თქმა უნდა, “იუვენტუსი” ამ შედეგით კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ “იუვე” ყოველთვის ჩემს გულშია.
რაც შეეხება რონალდუს, ის განაკუთრებულია. კრიშტიანუ სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია, მისი მოტივაცია, თამაშის სურვილი გასაოცარია. ის ყოველთვის რაღაც ექსტრაორდინარულისკენ ისწრაფვის და არასოდეს იღლება.
მისი გოლი ბრწყინვალე იყო, თუმცაღა მანამდე ორი კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. ეს ფეხბურთია!” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.
ხოლო, როცა ჰკითხეს, თუ რომელი გოლი იყო უკეთესი, რონალდუსი თუ მის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი, ზიზუმ განაცხადა:”ღმერთო ჩემო! რა თქმა უნდა, ჩემი ჯობდა.”