ეროვნული ლიგის მეხუთე ტური: პრევიუ
დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.
ბოლნისის “სიონი” – რუსთავის “რუსთავი”
დაწყების დრო: 4 აპრილი, 16:00 საათი
ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხი 2”-ზე რუსთავის “რუსთავს” მიიღებს. წინა ტურში მასპინძლები გორის “დილასთან” დამარცხდნენ. თუმცა, ამ სეზონში მათ უკვე მოახერხეს ერთი მოგებისა და ფრის მიღწევა. შესაბამისად, ოთხი ქულა აქვთ და მეექვსე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება “რუსთავს”, ამ გუნდმა პირველ ტურში “დინამოსთან” სტუმრად მოგების შემდეგ, გოლიც კი ვერ გაიტანა და სამ მატჩში ოთხი გოლი გაუშვა. ერთი მოგებითა და სამი წაგებით, რუსთაველები მერვე საფეხურზე იმყოფებიან.
თბილისის “საბურთალო” – თბილისის “ლოკომოტივი”
დაწყების დრო: 4 აპრილი, 21:00 საათი
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც დღეს შედგება თბილისური დერბია. მზიანი დღის დასასრულს, “მიხეილ მესხზე” დედაქალაქელებს მშვენიერი მატჩი ელით – “საბურთალო” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ. პირველი მათგანი შეუჩერებელია, რადგან ოთხივე შეხვედრა მოიგო. რაც შეეხებათ “რკინიგზელებს”, ეროვნულ ლიგაში მათზე მეტად მოგება ახლა არავის სჭირდება – “ლოკო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში ვერცერთხელ ვერ მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ლოგიკურია, რომ ის ერთი ქულით ათში ბოლოა.
საჩხერის “ჩიხურა” – თბილისის “დინამო”
დაწყების დრო: 5 აპრილი, 16:00 საათი
უკვე ხვალ საჩხერის “ჩიხურა” თბილისის “დინამოს” “დავით პეტრიაშვილი არენაზე” მიიღებს. იმერულ კლუბს “საბურთალოსთან” ერთად ამ სეზონში არცერთი მატჩი არ წაუგია: ორი ფრე, ორი მოგება, რვა ქულა და მესამე ადგილი. მასზე ერთი ქულითა და ადგილით წინ სწორედ “დინამოა”, რომელმაც ბოლო სამი დაპირისპირება ისე მოიგო, რომ ცხრა გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. შესაბამისად, აქაც საინტერესო და დაძაბულ ჯახს უნდა ველოდოთ.
ფოთის “კოლხეთი” – გორის “დილა”
დაწყების დრო: 5 აპრილი, 18:00 საათი
“კოლხეთის” ამჟამინდელი მეტოქე “დილაა”. მეგრელებმა წინა ტურში პატარა სენსაცია გამოაცხვეს და “სამტრედიას” სტუმრად ანგარიშით, 2-0 მოუგეს. ეს გუნდი ერთ-ერთი ყვლაზე სუსტია ჩემპიონატში და, ვინ იცის, სად გამოადგება აღნიშნული სამი ქულა. ამჟამად, “კოლხეთი” ოთხი ქულით მეშვიდე ადგილზეა. გორელებს რაც შეეხებათ, ბოლოს ისინი “სიონს” დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს. მიუხედავად, ბოლნისლების მიერ გაქვითული ორი გოლისა, მათ მეტი ვეღარაფერი შეძლეს და “დილამაც” სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ის შვიდი ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
ქუთაისის “ტორპედო” – სამტრედიის “სამტრედია”
დაწყების დრო: 5 აპრილი, 21:00 საათი
ეროვნული ლიგის გულშემატკივარი იმერული დერბის მოლოდინშია: “ტორპედო” “სამტრედიის” წინააღმდეგ. სხვათა შორის, ვერც ერთი გუნდი ვერ ბრწყინავს: “ტორპედომ” პირველ ტურში წაგების შემდეგ, ორჯერ კი მოიგო, თუმცა “დინამოსთან” უშანსოდ დამარცხდა. “სამტრედიამ” კი ბოლო სამი დაპირისპირება დათმო და სამი ქულით მეცხრე ადგილზეა. ორივე გუნდს სჭირდება გამარჯვება წინ სვლისა და თავდაჯერებისთვის – ვნახოთ, რა იქნება.