ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება
კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. თბილისის მერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს თხოვნით მიმართა, რომ კვირის ბოლოს ამხანაგური მატჩი გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას დაპირისპირებული მხარეები მიიღებენ.
“მინდა, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს შევეხო. მგონი, არავის არ მოეწონა ის, რაც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი და ამას არ ჩამითვლით გადამეტებულად, ამის მაგალითები არსებობს. რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, თუ არის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის. ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონთან ერთმანეთს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. ინციდენტში მარტვილის “მერანის” ნახევარმცველი, ბენჟამინდ ტეიდიც მონაწილეობდა.