კალაძე: ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მატჩის მონაწილეებს აშანტაჟებენ
თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი ამხანაგური მატჩის მონაწილეებს გარკვეული არასამთავრობოები აშანტაჟებენ, თუმცა ამის მიუხედავად, შეხვედრა მაინც გაიმართება.
“მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ფეხბურთელებს, აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში, ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ.
სამართლებრივი მხარე რაც არის, ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე პასუხი აგოს დამნაშავემ. მაგრამ, სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს, რაც უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას, სარწმუნოებას, მამულს, ენას – ვერაფერი ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს“, – ციტირებს კალაძის სიტყვებს 1TV.GE.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბელიაშვილის ქუჩაზე საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამხანაგური მატჩი 14 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება.