ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი თქვა
“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, კარლო ანჩელოტიმ იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე უარი თქვა. გასულ კვირას 58 წლის სპეციალისტსა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ანჩელოტიმ “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა იუარა.
დღესდღეობით იტალიის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე მუშაობის უმთავრეს კანდიდატებად სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ხელმძღვანელი რობერტო მანჩინი და “ნანტის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი სახელდებიან.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლეს, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გუნდის გაყვანა ვერ შეძლო. “სკუადრა აძურა” მუნდიალის ფინალურ სტადიას 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს.
ამ დროისთვის იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლუიჯი დი ბიაჯო ასრულებს.