სებასტიან აბრეუმ გულშემატკივრებს მაგიდა ესროლა (ფოტო)
ჩილეს პრიმერადივიზიონის მე-11 ტურში “აუდაქს იტალიანოსა” და “ანტოფაგასტას” შორის გამართული მატჩის (0:0) შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილო მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა ფეხბურთელების მისამართით სტვენა დაიწყეს. საპასუხოდ “აუდაქს იტალიანოს” თავდამსხმელმა სებასტიან აბრეუმ მინდვრის მახლობლად მდგარი მაგიდა აიღო და ტრიბუნაზე მყოფი ქომაგების მიმართულებით ისროლა.
“აუდაქს იტალიანომ” მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი უკავია.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის სებასტიან აბრეუ გამოცვლილი კლუბების რაოდენობით რეკორდსმენია. “აუდაქს იტალიანოს” პროფესიულ კარიერაში მისთვის 26-ე კლუბია.
სებასტიან აბრეუმ კარიერა 1995 წელს “დეფენსორში” დაიწყო. მან ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს 11 ქვეყანაში მოასწრო თამაში: ურუგვაი, მექსიკა, ბრაზილია, პარაგვაი, არგენტინა, ეკვადორი, ჩილე, სალვადორი, ესპანეთი, საბერძნეთი და ისრაელი. ფეხბურთელს ხუმრობით უკვე ტურისტად მოიხსენიებენ.
სებასტიან აბრეუმ ურუგვაის ნაკრებში 70 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. მას კოპა ამერიკის სამ (1997, 2007, 2011) და მსოფლიოს ჩემპიონატის ორ (2002, 2010) გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.