შეძლებს “ბაიერნი” ბეილის მადრიდული ჯოჯოხეთიდან დახსნას?
გარეტ ბეილის სახელი შაბათს ტაბლოზე კიდევ ერთხელ გამოისახა. 28 წლის ფეხბურთელმა “ლეგანესის” კარში შეძლო გოლის გატანა, მას შემდეგ რაც მეორე გუნდის ფეხბურთელის სახელით გამოვიდა მოედანზე.
უელსელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანს დიდად არ მოსწონს და ხშირად არჩევანს მარკო ასენსიოსა და ლუკას ვასკესზე აკეთებს. ხოლო, როდესაც ის “იუვენტუსთან” გამართული მატჩის მეორე ნახევარში გამოვიდა მოედანზე, თითქოს, თავისივე მადრიდული კარიერის დასასრულის საწყისს ჩაუყარა საფუძველი.
“გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს და იძულებული ვარ, გადაწყვეტილებები მივიღო. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგ ფორმაში იმყოფებიან. წინ კიდევ რამდენიმე მატჩია და მას აუცილებლად დავეყრდნობი, ტყუილია, რომ ბეილს არა ვათამაშებ,” – აცხადებს ფრანგი ზინედინ ზიდანი.
“რეალს” წინ მაქსიმუმ ექვსი თამაში ელის, დაწყებული “ბაიერნიდან”. სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი კარიერას სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს, მსგავსად მისი ექს-თანაგუნდელის, ხამეს როდრიგესისა.
რამდენად დაინტერესებულია “ბაიერნი” ამ ტრანსფერში?
შეტევაში 34 წლის არიენ რობენისა და 35 წლის ფრანკ რიბერის მოიმედე “ბაიერნს” დიდი მომავალი რომ არ აქვს, ამაზე, ალბათ, ყველა თანხმდება. პირველი, რაც “რეკორდმაისტერს” სჭირდება ახალი სისხლია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოცდილების ფაქტორიც, რაც სამგზის ჩემპიონთა ლიგის მფლობელ ბეილს ნამდვილად არ აკლია.
როგორც წესი, ბეილი ლაკონური საუბრით არის ცნობილი და არასოდეს აძლევს პრესას ჭორების აგორების საბაბს, თუმცაღა მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუ SportBild-თან გამონაკლისი აღმოჩნდა.
“ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. ამჟამად “რეალში” ვთამაშობ, თუმცა უდიდესი პატივია, როდესაც ისეთ კლუბთან მაკავშირებენ, როგორიც “ბაიერნია”,” – განაცხადა ბეილმა.
რასაკვირველია, ბეილს პრემიერ ლიგაში დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ არც “ბაიერნის” მსუყე წინადადებაზე აპირებს უარის თქმას.
ბეილის მადრიდული ჯოჯოხეთი
კარგა ხანია, რაც ბეილის 100-მილიონიანი პოტენციალს “რეალში” გამოემშვიდობნენ. მნიშვნელოვან თამაშებში მას აღარ ენდობიან და ახლა მეორე გუნდის შემადგენლობის წევრად ითვლება, როგორც “ლეგანესთან” მატჩში.
რა თქმა უნდა, 2013 წელს, როდესაც პერესი “ტოტენჰემთან” აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მოვლენების ასეთ განვითარებას ვერც კი წარმოიდგენდა.
2016 წლის იანვარში ზიდანი გულშემატკივრებს საჯაროდ დაპირდა, რომ შეტევაში ლეგენდარული BBC (ბეილი, ბენზემა, რონალდუ) ეყოლებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მსგავსი რამ დიდ იშვიათობად იქცა. ტრიოდან მხოლოდ რონალდუს აქვს გარანტირებული სასტარტო ადგილი.
სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ბეილის კარიერას დიდი დაღი დაასვა ტრავმებმა. ახლად დაბრუნებულ ბეილს კი გუნდში გაბრწყინებული ისკო, ასენსიო ან ლუკასი ხვდებოდა, რაც მის შანსებს ძალიან ამცირებდა.
რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
“ბაიერნი” სწორედ ისეთი შემტევის ძიებაშია, როგორიც გარეტ ბეილია. თუმცაღა გერმანელ გიგანტებს მისი ტრავმიანობა აფიქრებთ (მსგავსი პრობლემები ბავარიელებს ისედაც თავზე საყრელად აქვთ) და ასევე აეჭვებთ მისი ასაკი (ზაფხულში მას 29 წელი შეუსრულდება).
გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანსფერის ფასიც. გერმანელები თავიანთი პოლიტიკის ერთგულნი არიან და არ აპირებენ ფეხბურთელში 70 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ.
“ბაიერნსა” და “რეალს” საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს “ბლანკოსმა” ორი წლით გაანათხოვრა “რეკორდმაისტერში” ხამეს როდრიგესი.
და ბოლოს, ფლორენტინო პერესი ძალიან ბევრს ფიქრობს ლევანდოვსკის ტრანსფერზე, რომელიც, შესაძლოა, რომ ბეილის ტრანსფერშიც იქნას ჩართული.