ალბერტო მორენო: “სალაჰი ვარჯიშებზე მხოლოდ 20 პროცენტით იხარჯება”
“ლივერპულის” მცველმა ალბერტო მორენომ გუნდის ლიდერ მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეგვიპტელი თავდამსხმელი ვარჯიშებზე თავს ზოგავს.
“სალაჰი ძალიან წყნარი და მოკრძალებული ბიჭია. აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ როგორ თამაშობს ის, ვინაიდან ამას ყველა ხედავს და სტატისტიკაც ყველამ იცის. სალაჰი გასაოცარ სეზონს ატარებს. ვარჯიშებზე ის სხვანაირია, მხოლოდ 20 პროცენტით იხარჯება, ვინაიდან ტრავმის მიღების ეშინია და მატჩებისთვის ძალებს ზოგავს.
როდესაც “სევილიას” ღირსებას ვიცავდი, “რეალთან” არაერთხელ მომიწია შეხვედრა. მადრიდელთა წინააღმდეგ თამაში რთულია, თუმცა ახლა ჩვენ ერთი და იგივე დონეზე ვართ. “ლივერპულს” ძალზედ ძლიერი თავდასხმა ჰყავს. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩვენც გვაქვს საჩვენებელი რაღაც”, – ციტირებს მორენოს სიტყვებს ESPN.
მადრიდის “რეალსა” და “ლივერპულს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 26 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.