ულრაიხმა თავის შეცდომაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა
მიუნხენის “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის ოცნება მიმდინარე სეზონში მადრიდის “რეალმა” დაუმსხვრია, რაშიც საკმაოდ დიდი წვლილი “ბავარიელთა” კარის დარაჯს, სვენ ულრაიხს მიუძღვის. მისი უპატიებელი შეცდომის წყალობით კარიმ ბენზემამ მეორე გოლი გაიფორმა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
“როდესაც ჩემკენ გადაცემა გააკეთეს, ჩავთვალე, რომ ამ ბურთზე პირველად ბენზემა ითამაშებდა და საჭიროდ ჩავთვალე, ჩემი საჯარიმო დამეტოვებინა.
თუმცა, როდესაც ბურთი ჩემკენ წამოვიდა, მისი ხელში აღება გადავწყვიტე და მაშინ გავიფიქრე – “ჯანდაბა, ხელებს ვერ გამოვიყენებ.” შემდეგ კი ფეხით თამაში ვცადე, ეს ყველაფერი წამის მეთასედებში ხდებოდა. არჩევანი დროულად ვერ გავაკეთე.
ეს მომენტი ტელევიზორში რამდენიმეჯერ ვნახე და ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი. 100-დან ასეთი რამ, შესაძლოა, ერთხელ მოხდეს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ფინალში თამაშს ვიმსახურებდით,” – აცხადებს 29 წლის ულრაიხი.