საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონია
მოსკოვის “ლოკომოტივი”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების გამარჯვებულია.
ტურნირის 29-ე ტურში მოსკოვურმა გუნდმა შინ სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ედერმა გაიტანა. კვირკველიამ მატჩი სასტარტო შემადგელობაში დაიწყო და თამაში სრულად ჩაამთავრა.
ამ გამარჯვებით “ლოკომოტივმა” მადევარ “სპარტაკს” 7 ქულით გაუსწრო და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონის ვინაობა გაირკვა.
საბა კვირკველია იური სიომინის გუნდში შეუცვლელი ფიგურაა. “ლოკომოტივის” თავკაცმა გასულ წელს თქვა, გუნდში მოდის თუ არა ქართველი, მაშინვე რაღაცას ვიგებთო და მართლაც, “რკინიგზელებმა” შარშან რუსეთის თასი დაისაკუთრეს, წელს კი ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ.
“ლოკომოტივმა” რუსეთის ჩემპიონატი მესამედ მოიგო და აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში გუნდს იური სიომინი თავკაცობდა.