ავსტრალიის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ვიდეოგამეორების სისტემა გადამწყვეტი გოლის მომენტში გაითიშა
ავსტრალიის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში მსაჯთა დამხმარე ვიდეოგამეორების სისტემა (VAR) გადამწყვეტ მომენტში წყობიდან გამოვიდა.
“ნიუკასლ ჯეტსა” და “მელბურნ ვიქტორიას” შორის გამართულ ფინალურ მატჩში სტუმრებმა ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს (0:1) და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს, თუმცა ბურთი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, რაც ვიდეოგამეორების ტექნოლოგიამ ვერ დააფიქსირა, ვინაიდან მომენტამდე 30 წამით ადრე სისტემა გაითიშა.
ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარის გამო საჯაროდ ბოდიში მოიხადა.
“პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორმა – Hawkeye-მ გვაცნობა, რომ მელბურნ ვიქტორიას” მიერ გატანილ გოლამდე 30 წამით ადრე ვიდეოგამეორების სისტემა გაითიშა. გატანილი გოლიდან მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოხერხდა მისი მუშაობის აღდგენა, თუმცა გადაწყვეტილების შესაცვლელად ეს უკვე საკმაოდ დაგვიანებული იყო. ვიდეოგამეორების სისტემის ამ შეცდომის გამო დამწუხრებულნი ვართ და გვესმის, რაოდენ გაღიზიანებულნი არიან “ნიუკასლ ჯეტსისა” და ზოგადად ფეხბურთის ქომაგები”, – ნათქვამია ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.