რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე ოთხშაბათს დაინიშნება
სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ორშაბათს, 14 მაისს, რუსულ კლუბთან შრომით ხელშეკრულებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტს და ორი დღის შემდეგ იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა “კორიერე დელა სერა” ავრცელებს.
წყაროს თანახმად, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია 53 წლის სპეციალისტს ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს, ჯამაგირის სახით კი წელიწადში ორ მილიონ ევროს დაუნიშნავს. ევრო-2020-ის ფინალურ სტადიაზე გასვლის შემთხვევაში, მანჩინი ბონუსის სახით დამატებით თანხასაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლეს, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გუნდის გაყვანა ვერ შეძლო. “სკუადრა აძურა” მუნდიალის ფინალურ სტადიას 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს.
ამ დროისთვის იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლუიჯი დი ბიაჯო ასრულებს.