ინტერვიუ კიტეიშვილთან: “ევროთასებზე გამოცდილება დამიგროვდა და შევეცდები ეს ახალგაზრდა თანაგუნდელებს გავუზიარო”
ხუთი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა – ასეთია ოთარ კიტეიშვილის მონაგარი ეროვნული ლიგის პირველ წრეში – ცხრა მატჩში. ეს კი სრულიად საკმარისი მონაგარი და მიზეზია საიმისოდ, რომ დინამო თბილისის კაპიტანი ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულიყო. ოთარი ჩვენი Eliga.Ge-ს სტუმარია.
რას ნიშნავს შენთვის დინამოს კაპიტნობა?
დინამო უდიდესი ქართული კლუბია და მისი კაპიტნის სამკლავური არაერთ სახელოვან ქართველ ფეხბურთელს უტარებია. დღეს ამ პატივის ღირსი მე ვარ და კარგად ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა. მაქსიმალურად ვცდილობ, ეს ნდობა გავამართლო და თანაგუნდელებისთვის მისაბაძი ვიყო.
ახალ სეზონს დინამო კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული შემადგენლობით შეხვდა. როგორი პერსპექტივა აქვს ამ ფორმაციის გუნდს?
მიმაჩნია, რომ დინამოს სწორი გეზი აქვს აღებული. გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც ნდობა და გამოცდილება სჭირდებათ. ისინი ტურიდან ტურამდე აუმჯობესებენ თამაშის ხარისხს. ამ ბიჭებთან ერთად დინამოს ბევრის მიღწევა შეუძლია როგორც საშინაო ასპარეზზე, ასევე ევროტურნირებზე. თავად ამ ბიჭებს კი შემდგომში მაღალი დონის ევროპულ კლუბებში მოხვედრის კარგი პერსპექტივა აქვთ.
პირველ წრეში გატანილი გოლებიდან და შესრულებული საგოლე გადაცემებიდან რომლებს გამოარჩევ?
საჩხერის ჩიხურასთან გატანილ ჯარიმას და საგოლე პასს გორის დილასთან – ჩემი გადაცემით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა თანაგუნდელს გატანაში ეხმარები, მაგრამ არ დავმალავ და მაშინ უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა თავად გამაქვს ეფექტური გოლი.
პირველ წრის გადამწყვეტი მატჩი დინამო-საბურთალო გამოდგა. თბილისურ დერბიში მოპოვებული გამარჯვებით პირველი წრის ჩემპიონი საბურთალო გახდა.
ეს ძალიან გულდასაწყვეტი შეხვედრა იყო. არ უნდა წაგვეგო, მაგრამ რაც იყო, იყო… გამიხარდებოდა, პირველი წრე ლიდერის რანგში დინამოს დაესრულებინა, მაგრამ ეს საგანგაშო ამბავი არ არის. საბურთალოს მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით და შევეცდებით, ლიდერობა უმოკლეს დროში მოვიპოვოთ. ზედმეტიც არის იმაზე საუბარი, რომ დინამოს მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა.
ახლოვდება ევროთასები… რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს დინამოს ქომაგს ევროპის ლიგაზე?
პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ კარგია ჩვენი ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა. გუნდი ევროსეზონს შეთამაშებული, იდეალურ კონდიციებთან მიახლოვებული ხვდება, დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მოახლოვებულ ევროპის ლიგაზე დინამო ქართველ გულშემატკივრებს გაახარებს. ევროთასებზე გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვებული მაქვს და შევეცდები, ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებს ყველა ფსიქოლოგიური ბარიერი გადავალახინო.
ევროტურნირებზე ჩატარებული მატჩებიდან შენთვის ყველაზე წარმატებული რომელი იყო?
ორი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე, დინამომ სომხურ ალაშკერტს უმასპინძლა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლაზე შევედი, ანგარიში გავხსენი და დინამომ, საბოლოოდ, 2:0 გაიმარჯვა.
Eliga.Ge