ბარტომეუ: “როცა ტიტულს ვიგებთ, ცდილობენ, რომ ხალხს უარყოფით რამეზე გადაატანინონ ყურადღება”
ამ სეზონში კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. “ბლაგურნას” პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ ამბობს, რომ კლუბისთვის ცუდის მსურველები ცდილობენ, ხალხს “ბარსელონას” წარმატებები დაავიწყონ და სხვა რამეზე გადაატანინონ ყურადღება.
“როცა ვიგებთ რამეს, ზოგი მსაჯებზე, ზოგი საპატიო დერეფანზე და სხვადასხვა თემაზე საუბრობს, რათა გულშემატკივრებმა ჩვენს მიღწევებზე დიდი ყურადღება აღარ გაამახვილონ. ისინი წარმოქმნიან დაპირისპირებას და ამით ხალხის კონცენტრირებას ახდენენ უარყოფითზე. თუმცა, ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გავქვს და მისგან განრიდებას ვცდილობთ. მხოლოდ, საქმე გვაინტერესებს, რომელიც, რაც შეიძლება, მეტი ტიტულის მოპოვებას გულისხმობს.”
“ვალვერდემ მოლოდინებს გადააჭარბა. ის ჯერ, მხოლოდ, ერთი წელია გუნდს წვრთნის. თავისი ტალანტით ყველას პატივისცემა და მხარდაჭერა დაიმსახურა. ერნესტომ ამ წარმატებებს მას შემდეგ მიაღწია, რაც ნეიმარმა გუნდი დატოვა და ესპანეთის სუპერთასზე “რეალთან” დავმარცხდით. ამიტომ, მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ,” – ამბობს ბარტომეუ.