უკრაინული ფასების კატასტროფა: ესპანელი ფანების ნაწილი კიევში ვერ მიდის
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება. 26 მაისს, კიევში ერთმანეთს მერსესაიდის “ლივერპული” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან. თუმცა, ამ უკანასნელი კლუბის ფანებს დიდი სირთულეები ექმნებათ, რათა უკრაინაში ჩავიდნენ და საყვარელ მოთამაშეებს ცხადში უცქირონ.
პირველი ბარიერი აეროპორტში მისვლისთანავე იჩენს თავს. საქმე ეხება ძალიან ხანგრძლივ და რამდენიმეჯერ გაძვირებულ ფასებს საფრენ ბილეთებზე. მარტივად გეტყვით, რომ ყველაზე იაფი ფრენა (ყველა შემთხვევაში იგულისხმება, მხოლოდ ჩასასვლელი ბილეთი), ესპანელებს 791 ევრო უჯდებათ. ეს რეისი გადაჯდომითაა, რის გამოც გულშემატკივრებს ჯამში, მგზავრობა და ლოდინი 20 საათი და 50 წუთი მოუხდებათ. თვითმფრინავი 25 მაისს, პარასკევს აფრინდება და შაბათს, ფინალის დღეს, კიევში 17:50 წუთზე ჩავა. შესაბამისად, ფანებს აეროპორტის დასატოვებლად, სასტუმროში დასაბინავებლად და სტადიონზე მისასვლელად მცირე დრო, 2 საათი და 55 წუთი აქვთ.
თუ შედარებით ადამიანურ ფასს განვიხილავთ, ფინალის დღეს ფრენებს ვერ ვნახავთ. ერთადერთი ასეთი რეისი არის ის, რომელიც 15:20 წუთზე აფრინდება და უკვე 27 მაისს, 01:00 საათზე დაეშვება კიევშ ანუ მაშინ, როცა მატჩი დასრულებული იქნება. თუმცა, ვხვდებით ისეთ შემთხვევას, როცა 26 მაისსვე ესპანელებს შეუძლიათ უკრაინაში მოხვდნენ. ისინი დილის ექვს საათზე გაემგზავრებიან და შუადღისას, 13:15 წუთზე ადგილზე იქნებიან. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ ერთ ფრენაში 2900 ევროს გადახდა მოუწევთ.
თუ “ბლანკოსის” ფანებმა ჩააღწიეს კიევში, ჯიბის გასქელებას მონდომებული ადგილობრივები, მათ მეორე სიურპრიზს დაახვედრებენ. საქმე ეხება სასტუმროს ფასებს, რომელზეც (ადრინდელ სიტუაციაზე) Fanebi.Com-მა სტატია უკევ შემოგთავაზათ. მარტივად გეტყვით, რომ საშუალო ფასი ერთ ღამეზე 700 ევროა. თუ ადრე ოთახი 48 ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 3000 ევროს შეადგენს (26 მაისის ღამეს). ორ ან სამვარსკვლავიანმა სასტუმროებმა გუშინ თავიანთი ყველაზე იაფიანი ნომერი პოტენციურ კლიენტებს 1590-დან 2100 ევროს ფარგლებში შესთავაზეს. იმ აბსურდზეც გეტყვით, რომ სასტუმრო, რომლის ნომრის ფასი 6300 ევროს შეადგენს, ცენტრიდან ცხრა კილომეტრითაა დაშორებული.
ერთ-ერთი ფანი, რომელმაც “სანტიაგო ბერნაბეუს” სალაროში ბილეთი დააბრუნა, განაცხადა: “არსად არ მივდივარ. ეს ძალიან ძვირი დამიჯდება და თანაც, არაკომფორტული მგზავრობა იქნება. პირველად რომ ვიყოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დავფიქრდებოდი. თუმცა, ეს ხომ უკვე ექვსჯერ მოხდა.”
ყველაზე კარგ სიტუაციაში ისინი არიან, რომლებმაც “რეალის” ფინალში გასვლამდე დაჯავშნეს საფრენი ბილეთები და სასტუმროს ნომრები. ხოლო, დანარჩენს კი დიდი ფულის გადახდა ან სახლში დარჩენა მოუწევს.