“სამტრედიას” წარუმატებლობა არ მთავრდება – იმერლები “დინამოსთან” დამარცხდნენ (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურმა აიღო სტარტი.
ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” ერთმანეთს “სამტრედია” და “დინამო” დაუპირისპირდნენ. ანგარიში მე-40 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. მას საგოლე გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გაუკეთა. მეორე ნახევარში “სამტრედია” ათი კაცით დარჩა: 68-ე წუთზე გივი ქარქუზაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ზუსტად ორ წუთში უკვე დმიტრო ივანისენიამ შეუგდო იმერლებს. მან ულამაზესი დარტყმით გაზარდა ორამდე სხვაობა. ამ შემთხვევაში ასისტენტად ოთარ კიტეიშვილი მოგვევლინა. მატჩის მიწურულს სადავო მომენტი მოხდა. მას შემდეგ, რაც “სამტრედიელებმა” სტანდარტულიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდეს, ის მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე აკაკი ნინუამ ვარდნაში ითამაშა. მას ხელს ორი მეტოქე უშლიდა. ეს ბრძოლა კარის ხაზთან ძალიან ახლოს მოხდა. საბოლოოდ, მსაჯმა ჩათვალა, რომ ბურთი კარში შევიდა და გოლიც დაფიქსირდა. თუმცა, გამეორებაზე ზუსტად ეს საეჭვო ფაქტი არ გამოჩნდა. ფინალური ანგარიში – 1-2.
გეტვყით, რომ ამ მარცხის შემდეგ “სამტრედია” ცხრილში რვა ქულით მერვეა. “დინამოს” 25 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს.
ვიდეო: Eliga.Ge
ფოტო: “დინამოს” ოფიციალური ფეისბუქგვერდი