ზაურ მახარაძე “ზორიაში” გადადის
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის “ოლიმპიკის” მეკარე ზაურ მახარაძე ლუგანსკის “ზორიაში” გადასვლასთან ახლოსაა.
“ზორიას” მეკარე ანდრე ლუნინი ზაფხულში გუნდს, სავარაუდოდ, დატოვებს. ლუგანსკელთა ხელმძღვანელობამ მის შემცვლელად მახარაძის კანდიდატურა შეარჩია და ქართველ კიპერთან წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა.
“ზაურმა “ზორიასთან” წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. ის ლუგანსკელთა რიგებში ითამაშებს”, – თქვა “ოლიმპიკის” თავკაცმა რომან სანჟარმა football.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ზაურ მახარაძემ გასულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და შვიდ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის მეკარემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ის უკრაინაშია დაბადებული და 2009-2014 წლებში უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მალტასთან (1 ივნისს) და ლუქსემბურგთან (5 ივნისს) დაგეგმილ მატჩებში გამოიძახა.