ათკაციანმა “საბურთალომ” “რუსთავს” სძლია (ვიდეო)
დედაქალაქურმა „საბურთალომ“, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეათე გამარჯვება მოიპოვა, „რუსთავს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა ბრძოლისუნარიანობა კიდევ ერთხელ გამოავლინეს და მორიგი შეხვედრა შემოატრიალეს, ამჯერად კაცნაკლულებმა.
წინა მატჩისგან განსხვავებით, „საბურთალოს“ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, ერთ-ერთი კი გურამ გოშთელიანის თერთმეტეულში გამოჩენა იყო. ახალგაზრდა ფორვარდს ტრავმის გამო თითქმის ორი წელი გაუცდა და ახლა იბრუნებს ნელ-ნელა სპორტულ ფორმას.
რაც შეეხება მატჩს, მე-8 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ – კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ვეტერანი დავით კვირკველია გამოეხმაურა და თავით გახსნა ანგარიში. ტაიმის შუაში თბილისელებს ანგარიშის გათანაბრება მართებდათ – გეგა დიასამიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, გოლიც თითქოს გარდუვალი იყო, მაგრამ 4-5 მეტრიდან შედეგიანი დარტყმა ვერ განახორციელა.
მეორე ტაიმის დებიუტიც, ისევე როგორც პირველი ნახევრის საწყისი წუთები, „საბურთალოსთვის ცუდად დაიწყო – 47-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ უხეშობისთვის მეკარე და გუნდის კაპიტანი, ლაზარე კუპატაძე გააძევეს. მის მაგივრად კარში ბექა ქურდაძე ჩადგა, სათადარიგოებისკენ კი გეგა დიასამიძემ გადაინაცვლა. მიუხედავად კაცნაკლულობისა, მასპინძლებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. თუმცა, დაწინაურებამდე თბილისელებს რამდენჯერმე მართებდათ მეტოქის კარის აღება. ჯერ კოხრეიძეს მიეცა შანსი, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა. შემდეგ ტერას ახლო მანძილიდან დარტყმული, კვლავ რევიშვილმა გააშეშა ბურთი ადგილზე. რამდენიმე წუთში ბექა გვარაძემ კვირკველია ჩამოიშორა ტექნიკურად, კარშიც დარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა დავით ვოლკოვის მინდორზე შემოსვლა, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა – ვოლკოვმა, საკუთარი ნახევრიდან ორ მცველს ერთდროულად გაასწრო სისწრაფეში, შემდეგ კვირკველიც დაჯაბნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა წესების დარღვევით საჯარიმოში შეაჩერა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა გიორგი კოხრეიძემ ითავა, რომელმაც ზუსტი დარტყმა განახორციელა. საბოლოოდ, „საბურთალომ“ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და 13 ტურის შემდეგ 30 ქულას მოუყარა თავი და ლიდერია. რაც შეეხება “რუსთავს”, ის 14 ქულით მეექვსე ადგილზეა.
“საბურთალოს” ოფიციალური გვერდი