ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს (ვიდეო)
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად, დღეს ბათუმის სტადიონის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს კომპანიის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.
ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონების მშენებლობა დასრულდა და დაწყებულია მათი გადახურვა 10-დან 8 სექტორში, ანუ სამუშაოების 75 % დასრულებულია. შესრულებულია ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 60 %, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა. ივნისის თვიდან იარუსების (სკამების) მოწყობა დაიწყება.
პარალელურად დაწყებულია მეორე სართულის გარკვეულ მონაკვეთებზე კოლონების დახურვა. სექტემბრიდან დაიწყება ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. ამ დროისთვის სამუშაოებზე 200 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.
სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. არენა 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და მისი შენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ანაგი” აშენებს. არენა უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. სტადიონის მშენებლობის ღირებულება 99 448 408 ლარია.
სტადიონი დღევანდელი მდგომარეობით:
სტადიონის საბოლოო სახე: