საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ნაკრები მალტასთან მატჩისთვის უკვე 23 ფეხბურთელით ემზადება. საკლუბო მატჩების გამო, ავსტრიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფ ეროვნულ გუნდს გიორგი ხარაიშვილი, ლაშა შერგელაშვილი, ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი ბერიძე ორშაბათს შეუერთდნენ. ოთხივე ფეხბურთელმა ბად ჰარინგში ჩასვლის პირველ დღეს მსუბუქად ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ, გურამ კაშიამ საწვრთნელ შეკრებაზე ისაუბრა.
“საწვრთნელ შეკრებაზე ბევრი ახალი ფეხბურთელია, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნო და კარგია ახალგაზრდებისთვის, რომ მწვრთნელს აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები. რადგან ამ ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ, მხოლოდ ოფიციალური თამაშები გვექნება. კარგია, რომ მწვრთნელი ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს. ამისთვის მათ აქვთ დრო, დაახლოებით ათდღიანი შეკრება გვაქვს, ასეთი საწვრთნელი შეკრებები ძალიან კარგია ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. მზადება წარმატებით დავიწყეთ, კარგი სასტუმროა, ამინდიც შესაბამისი, გუნდში ამაღლებული განწყობაა, რადგან ბოლო ამხანაგურ თამაშებში კარგად ვითამაშეთ, დადებითი შედეგი გვქონდა და ხარისხიც კარგი იყო. პოზიტური განწყობით ვართ და ამას გულშემატკვირებისგანაც ვგრძნობთ.“
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრაში:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)
შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური და ბაჩანა არაბული საკლუბო მატჩების გამო, ნაკრებს მხოლოდ ლუქსემბურგთან მატჩში დაეხმარებიან.
მატჩების განრიგი
1 ივნისი
საქართველო-მალტა
(მატჩი ავსტრიის ქალაქ შვაცში ჩატარდება)
5 ივნისი
ლუქსემბურგი – საქართველო
სფფ-ის პრესსამსახური