რონალდუს მეგობარი: “კრიშტიანუ ნაწყენია, არ მოსწონს, “რეალი” სიმართლეს რომ მალავს”
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი და ჟურნალისტი, ნუნო გომეში, El Larguero-სთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც პორტუგალიელი ფეხბურთელისა და მადრიდული კლუბის ურთიერთობას ამძიმებს.
“არამგონია, რონალდუ “რეალიდან” წავიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ნაწყენი და გაბრაზებულია. მას არ მოეწონა, როდესაც “რეალმა” მთელ მსოფლიოს აცნო, რომ კონტრაქტი განახლდებოდა, თუმცა არაფერი მომხდარა.
ისინი მალე გამონახავენ საერთო ენას. რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მას საკმარისს არ უხდიან. “ბარსელონაში” კი სხვაგვარად არის, ჩავის, ინიესტასა და მესის ნაბიჯ-ნაბიჯ უზრდიდნენ ხელფასს – ეს სასიამოვნოა.
ფლორენტინოსთან მისი ურთიერთობა ცოტა არ იყოს, ცივია. მას დაპირდნენ, რომ ხელფასს გაუზრდიდნენ. როდესაც გახანგრძლივება მოსთხოვა, უთხრეს, რომ შესაფერისი მომენტი არ იყო. სეზონი დასრულდა და არაფერი ხდება. ამის გამო თავს მოტყუებულად გრძნობს.
მის მომდევნო კლუბზე საუბარი ძალიან ადრეა. კრიშტიანუსთვის “რეალზე” უკეთესი კლუბი არ არსებობს. მას მოსწონს ქალაქი. “პარი სენ-ჟერმენი” სულ ცდილობდა მის გადაბირებას. ან “პსჟ” ან “იუნაიტედში” დაბრუნება. თუმცა ახლა მას მხოლოდ “რეალში” თამაში და აღიარება უნდა,” – აცხადებს ნუნო გომეში.