მიხეილ გიორგაძემ დავით ქევხიშვილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ მოვლენებს სპეციალური კომისია სწავლობდა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, კომენტარი მიხეილ გიორგაძემ გააკეთა.
“კომისიამ მუშაობა დაასრულა. საბოლოო ჯამში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ყველა საბუთი შედარებულია. ერთ საბუთში, რომელიც მწვრთნელებისათვის სტიპენდიის გაყოფას ეხებოდა, წარმოება სწორად არ იყო გაკეთებული, ამასთან დაკავშირებით ფედერაციას შესაბამისი რეკომენდაცია მივეცით. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების ჩავარდნა, ბუნებრივია, პრეზიდენტის პასუხისმგებლობაცაა, ეს შეცდომა ქევხიშვილმაც აღიარა. შესაბამისად, ფედერაცია ვალდებულია, ახალი სამწვრთნელო შტაბი შექმნას. ორივე მხარეს მოვუწოდებ კონფლიქტის დარეგულირებისათვის, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.