ვაისი: “ათი ფეხბურთელით ნებისმიერ გუნდთან რთულია მოგება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მალტასთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
1 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა მალტა ავსტრიაში 1:0 დაამარცხა. მატჩის 89-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც გურამ კაშიამ ზუსტად შეასრულა.
„პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა მომენტების რეალიზება არ გამოგვივიდა. მეორე ნახევარში მიღებულმა წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა. ბიჭები 4-2-3 სისტემაში კარგად მოქმედებდნენ. შემდეგ ხოჭოლავა საყრდენ ნახევარმცველად გადავიყვანე. გამოჩნდა, რომ რამდენიმე მოთამაშე კლუბში 90 წუთს არ თამაშობს. 10 ფეხბურთელით ნებისმიერ გუნდთან რთულია მოგება. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე 100 %-იანი პენალტით გავიტანეთ. გამახარა კიტეიშვილის თამაშმა, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. სწორედ ასეთი უნდა იყოს დებიუტანტი, რომელსაც სურს გუნდში ადგილის დამკვიდრება. კარგი იყო ლაშა დვალი მარცხენა მცველის პოზიციაზე. მან ჩემი დავალებები ზუსტად შეასრულა.
მომდევნო მეტოქე უფრო რთულია, თუმცა მალტაც კარგი გუნდია. ლუქსემბურგთან იქნება გარკვეული ცვლილებები. მითუმეტეს მომდევნო შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდება”, – განაცხადა ვაისმა.
3 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.