“დნიპროს” პროფესიული კლუბის სტატუსს უუქმებენ
ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა დნეპროპეტროვსკის “დნიპროსთვის” კლასის დაქვეითებისა და პროფესიული კლუბის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო “დნიპროს” სამოყვარულო ლიგაში მოუწევს გადანაცვლება.
2017 წლის 6 მაისს ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თუ “დნიპრო” არსებულ დავალიანებებს არ გაისტუმრებდა, მას პროფესიული კლუბის სტატუსი ჩამოერთმეოდა.
უკრაინულმა კლუბმა ვალების გასტუმრება ვერ შეძლო, მევალემ კი ფიფას მისთვის სტატუსის დაქვეითება სთხოვა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს “დნიპროს” წინააღმდეგ სანქციის ამოქმედების საფუძველი მიეცა და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი ზომების მიღება დაავალა. თავის მხრივ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ უკრაინის პროფესიული ფეხბურთის ლიგას ფიფას წერილის შესაბამისად მოქმედებისა და “დნიპროსთვის” კლასის დაქვეითების მოთხოვნით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც სამი წლის წინ “დნიპრომ” უეფას ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა.