პერესი: “ესპანეთის ნაკრებიდან ლოპეტეგის გამოშვების ერთი მიზეზიც არ არსებობს”
გუშინ ფლორენტინო პერესმა ხულენ ლოპეტეგი ოფიციალურად წარადგინა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. “ბლანკოსის” პრეზიდენტმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.
“გვსურდა, ეს პრეზენტაცია მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყოფილიყო. ანუ, მას მერე წარმედგინა ახალი მწვრთნელი, რაც ჩვენი ნაკრები კიდევ ერთ ტიტულს მოიგებდა. თუმცა, სერიოზულმა გარემოებებმა დღეს ასეთი სიტუაცია შექმნეს და ახლა აქ ვიმყოფებით. ესპანეთის ნაკრებიდან ლოპეტეგის გამოშვების ერთი მიზეზიც არ არსებობს. “რეალმა” და ლოპეტეგიმ მიაღწიეს შეთანხმებას დამოუკიდებლად. ამაში ორივე მხარე სრულიად თავისუფალი იყო. პატივი ვეცით ხულენსა და ფედერაციას შორის დადებულ კონტრაქტს და გვსურდა, ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაგვემთავრებინა. ეს პრეზენტაციაც შემდეგ უნდა ყოფილიყო.
ხოლო, ამ ეტაპზევე კომუნიკაცია და კონტრაქტის შეთანხმება ხულენთან იმით აიხსნება, რომ მსურდა, მაქსიმალურად გამჭირვალედ, სწრაფად მომხდარიყო ყველაფერი და ჭორებისთვის თავი აგვერიდებინა. არ არსებობს არცერთი შემთხვევა იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, კლუბში დანიშვნაზე შეთანხმება უპატივცემულობად და ღალატად ჩაითვალოს. ასეთი მოულოდნელი მოქმედება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან გამოვლენილი უსამართლობა იყო,” – ამბობს პერესი.