“იბერიული დერბი” უხვგოლიანი ფრით დასრულდა (ვიდეო)
ქალაქ სოჭში პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩი გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა: მე-4 წუთზე ნაჩომ საკუთარ საჯარიმო მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ წააქცია და მთავარმა არბიტრმა ჯანლუკა როკიმ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად თავად დაზარალებულმა შეასრულა და ანგარიშიც გახსნა – 1:0. ამის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას “ფურია როხა” დაეუფლა და ზუსტად ოც წუთში წონასწორობაც აღადგინა: სერხიო ბუსკეტსმა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა დიეგო კოსტა, რომელიც ჯერ პეპეს გაუსწორდა, შემდეგ კი – ჟოზე ფონტეს, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მართალია, ბურთი ძირითადად ესპანელებს ეჭირათ, მაგრამ ტაიმის მიწურულს პორტუგალიელები ხელმეორედ დაწინაურდნენ: რონალდუმ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი პირდაპირ დავიდ დე ხეას მიმართულებით წავიდა, თუმცა ესპანელთა კიპერმა ვერ შეიმაგრა და კარში შეგორდა, პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო – 2:1.
მატჩის მმეორე ნახევარი ესპანელებმა აქტიურად დაიწყეს და 55-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს კიდეც: დავიდ სილვამ ჯარიმიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, იქ მეორე სართულზე ბრძოლა სერხიო ბუსკეტსმა მოიგო და ბურთი კარის გასწვრივ გადააგდო, დასწრებაზე კი დიეგო კოსტამ ითამაშა და წონასწორობა აღადგინა – 2:2. ზუსტად სამ წუთში ნაჩომ შეხვედრის სტარტზე დაშვებული შეცდომა გამოისყიდა: ესპანელმა მცველმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით პორტუგალიელთა კარში მესამე ბურთი გაიტანა – 2:3.
“ფურია როხამ” ბურთი კარგად დაიჭირა და მატჩი მშვიდად მიჰყავდა გამარჯვებამდე, თუმცა ფერნანდო იეროს გუნდს მოგება კრიშტიანუ რონალდუმ არ დაანება. პორტუგალიელთა ლიდერმა 88-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და ჰეთთრიკი გაიფორმა – 3:3.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში ირანის ნაკრებმა მაროკო ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მსოფლიოს ჩემპიონატი
B ჯგუფი (I ტური)
პორტუგალია — ესპანეთი 3:3 (2:1)
გოლები: რონალდუ 4′ (პენ), 44′, 88′ — დიეგო კოსტა 24′, 55′ ნაჩო 58′.