კრიშტიანუ რონალდუმ რეკორდი დაამყარა
მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრაში პორტუგალიამ და ესპანეთმა უხვგოლიანი, სანახაობრივი შეხვედრა შესთავაზა სამყაროს და ფრე, 3:3 დააფიქსირა. ამ მატჩში გაიბრწყინა ნომინალურ მასპინძელთა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც “ფურია როხას” ჰეთრიკი შეუსრულა.
საგულისხმოა, რომ “რონიმ” ზედიზედ მერვე მთავარ სანაკრებო ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა. მან 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ორი გოლის გატანა შეძლო, ამას მოჰყვა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც კრიშტიანუმ ერთხელ აიღო მეტოქის კარი. ამდენივე გოლი გაიტანა 2008 და 2010 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. 2012 წელს სამჯერ დაამწუხრა მეტოქე საკუთარ კონტინენტზე. 2014 წელს, ბრაზილიაში ერთი გოლის შეგდება შეძლო. ორი წლის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამჯერ შეარხია ოპონენტის კარის ბადე. ხოლო, რუსეთში კი უკვე ჰეთრიკი შეუსრულა ესპანეთს.