ვასკესი: “ვმუშაობ იმისთვის, რომ სასტარტოს ფეხბურთელი გავხდე”
ლუკას ვასკესის როლი, როგორც “რეალში”, ასევე ესპანეთის ნაკრებში, უფრო და უფრო, იზრდება. 26 წლის შემტევი “ფურია როხასთან” ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდის. მან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ირანთან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ასპარეზობა.
ვასკესმა მადრიდულ გამოცემა Marca-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
“ვმუშაობ იმისთვის, რომ რეგულარულად ვიყო სასტარტო შემადგენლობაში. მხოლოდ ეს შემიძლია. მუდამ ვცდილობ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო. ამ მომენტში რაც გვსურს, ისაა, რომ მაროკო დავამარცხოთ და პირველ ადგილზე დავასრულოთ ასპარეზობა. ჩვენი დავალება შევასრულეთ და ახლა მხოლოდ საკუთარ სათანადო თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. ვცდილობთ, რომ მუდამ პროგრესი გვქონდეს. მსოფლიოს ჩემპიონატს მარტივად არავინ იგებს.”
ვასკესს ახალგაზრდა თანაგუნდელზე, მარკო ასენსიოზეც ჰკითხეს.
“მარკოს ორი ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. ის ძალიან ახალგაზრდა ბავშვია, რომელსაც კარგი აწმყო და ფანტასტიკური მომავალი აქვს. იგი ნამდვილად განვითარდება. ასენსიოს ნაკრებშიც ნელ-ნელა იმყარებს პოზიციებს,” – ამბობს ვასკესი.