გარეთ საუთგეიტის კომენტარი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს ხორვატია და ინგლისი დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბული შეხვედრის 90 წუთი ფრედ, 1-1 დასრულდა. გამარჯვების გოლის გატანა 109-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა შეძლო.
წაგებული გუნდის მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ახლა დიდ ტკვივილს ვგრძნობთ, ეს დამარცხების ტკივილია. მოველოდით ამ პოზიციაში ყოფნას? არ ვიცი, რეალურად, თუ ამას ვინმე ელოდა. მაგრამ როცა გაქვს ასეთი შესაძლებლობა, როცა ისე თამაშობ, როგორც ეს ჩვენ პირველ ნახევარში გავაკეთეთ, აუცილებლად უნდა გამოიყენო შანსი, წარმატებით უნდა დაასრულო მომენტები. გასახდელ ოთახში ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაა.
მაგრამ, ზუსტად გეტყვით, რომ ჩემი ფეხბურთელებით ამაყი ვარ. ფანების ახლანდელი რეაქციები ორი წლის წინანდელ რეაქციებთან შედარებით პოზიტიური იქნება. ზოგადად, ქვეყანა ამ ბიჭებით ამაყია,” – ამბობს საუთგეიტი.