საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია (ვიდეო)
საფრანგეთის ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ფრანგებმა ხორვატები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.
გუნდები გადამწყვეტ მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე, ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდნენ. თამაში დაბალ ტემპში დაიწყო, გუნდები დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, განსაკუთრებით ინერტულად ფრანგები გამოიყურებოდნენ, თუმცა მე-18 წუთზე სწორედ დიდიე დეშამის შეგირდები დაწინაურდნენ. სტანდარტიდან ანტუან გრიზმანმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მარიო მანჯუკიჩმა ბურთზე თავით კი ითამაშა, თუმცა ხეირიანად ვერ შეწვდა და საკუთარ კარში გადაგზავნა, დანიელ სუბასიჩმა გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო – 1:0. ათ წუთში წონასწორობა აღდგა, გოლი ამჯერადაც საჯარიმო დარტყმას მოჰყვა. ხორვატებმა ბურთი ჰაერში გაათამაშეს, მეორე სართულზე ბრძოლა სამჯერ მოიგეს, ბურთი ივან პერიშიჩს მიუვიდა, რომელმაც მეტოქე ჩამოიშორა, ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. რამდენიმე წუთში იმავე პერიშიჩი ეპიზოდის ანტიგმირად მოგვევლინა. ხორვატთა გარემარბმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ნესტორ პიტანამ VAR სისტემის გამოყენების შემდეგ პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ანტუან გრიზმანმა ზუსტად შეასრულა და ფრანგები კვლავ დაწინაურდნენ – 2:1. აღსანიშნავია ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი: ფრანგებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს, თუმცა მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.
შეხვედრის მეორე ტაიმი საფრანგეთის ნაკრების სცენარით წარიმართა. მე-60 წუთზე ხორვატების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მბაპემ მარჯვენა ფლანგი აიკლო და ბურთი გრიზმანს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოს მისადგომებთან უმეთვალყურეოდ დატოვებული პოლ პოგბა მოძებნა. პოგბას პირველ დარტყმულს გადაეღობნენ, თუმცა ფრანგმა ნახევარმცველმა მეორედაც დაარტყა და გაიტანა – 3:1. ზუსტად ხუთ წუთში საფრანგეთის ნაკრებმა მეოთხე ბურთიც გაიტანა: მარცხენა ფლანგზე ლუკა ერნანდესმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოს წინ უყურადღებოდ დარჩენილი მბაპე მოძებნა, ახალგაზრდა თავდამსხმელმა კი შორეული ძლიერი დარტყმით მეოთხედ შეარხია ხორვატთა კარის ბადე. 69-ე წუთზე ხორვატებს თამაშის შემოტრიალების იმედი გაუჩნდათ. უგო ლორისმა მანჯუკიჩის მოტყუება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და ბურთი მის კარში შეგორდა – 4:2. დარჩენილ დროში ფრანგებმა ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს.
ამრიგად, საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეორედ მოიგო (1998, 2018) და საუკეთესო გუნდის სტატუსის მატარებელი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება. რაც შეეხება ხორვატიის ნაკრებს, ზლატკო დალიჩის გუნდი ტურნირზე ნაჩვენები თამაშით, ბრძოლისუნარიანობითა და მიღწეული შედეგით უდავოდ იმსახურებს ქებას.
მსოფლიოს ჩემპიონატი
ფინალი
საფრანგეთი — ხორვატია 4:2 (2:1)
საფრანგეთი: ლორისი; ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, პავარი; პოგბა, მატუიდი (ტოლისო 73′), კანტე (ნზოზი 55′); მბაპე, გრიზმანი, ჟირუ (ფეკირი 81′).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.
ხორვატია: სუბაშიჩი; ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პიაცა 82′); ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 71′), მოდრიჩი, პერიშიჩი; მანძუკიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი.
გოლები: მანჯუკიჩი 18′ (ა.გ.), გრიზმანი 39′ (პენ), პოგბა 59′, მბაპე 65′ — პერიშიჩი 28′, მანჯუკიჩი 69′.
გაფრთხილებები: კანტე 27′, ერნანდესი 40′ — ვრსალკო 90+2′.
მთავარი მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა).