კახა ჩხეტიანი: “ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული მივანიჭოთ”
ქუთაისისი “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა და მეკარემ, როინ კვასხვაძემ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის “შერიფთან” გასამართი განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენცია უპასუხეს.
კახა ჩხეტიანი: “ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდის უკლებლივ ყველა წევრს გათვიცნობიერებული აქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის. ადრე იმიტომ ჩამოვედით, რომ აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო და აქაურობას შევჩვეოდით.
თითოეული მატჩის წინ მეტოქის ანალიზს ვაკეთებთ და შემდეგ ვწყვეტთ, როგორ ვითამაშოთ. ის, რომ შინ 2:1 გვაქვს მოგებული, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას და უკნიდან თამაშს ვაპირებთ. დღეს აქ ტაქტიკებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ვიმეორებ, მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ. დანარჩენი ხვალ გამოჩნდება!
ერთს ვიტყვი, რომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული მივანიჭოთ.”
როინ კვასხვაძე: “სამი დღეა ტირასპოლში ვართ და ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის. 2:1 არ არის ის ანგარიში, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ ხვალინდელ მატჩს სრული სერიოზულობით ვეკიდებით.
“შერიფი” ძალიან კარგი გუნდია და ვიცით, რომ იოლი შეხვედრა არ გველის, თუმცა ყველაფრისთვის მოვემზადეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ გავალთ. საამისოდ, ფეხბურთელები ყველაფერს ვიზამთ.”
შეგახსენებთ, რომ მატჩი 18 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.