კახა ჩხეტიანი: “გული იმაზე მწყდება, რომ ქართველ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ”
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” მოლდოვურ “შერიფთან” სტუმრად ანგარიშით, 0:3 დამარცხდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟლი ტურნირის შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა. დაპირისპირების შემდეგ, იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა – პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები ჩემ მიერ იქნა დაშვებული.
თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს.
ვულოცავ “შერიფს” ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპის ლიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.
მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა,” – ამბობს ჩხეტიანი.
ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი