გვარდიოლას საუბარი გასახდელში: “აქ სიმართლის თქმას ვაპირებ”
Amazon Prime-მა “მანჩესტერ სიტის” შესახებ ფილმი გადაიღო. გადაღებები “სიტის” საჩემპიონო, 2017-18 წლების სეზონზე მიმდინარეობდა. კამერებს საშუალება ჰქონდათ, გასახდელში არსებული სიტუაცია, “სიტის” შიდა სამზარეულო და სხვა საინტერესო დეტალები გადაეღოთ.
ფილმს ასეთი სახელწოდება აქვს: “ყველაფერი ან არაფერი”. ცნობილია, რომ მისი პრემიერა 17 აგვისტოს გაიმართება. ინტერნეტსივრცეში ფილმის თრეილერი უკვე გამოჩნდა, რომელიც გვარდიოლას ფეხბურთელებთან საუბრით იწყება. ესპანელი სპეციალისტი გუნდის წევრებს ერთ-ერთი წაგებული მატჩის შემდეგ ელაპარაკება.
“რა თქმა უნდა, ვაპირებ, ჩვენი სიცოცხლის ბოლო დღემდე და პრესკონფერენციებზე დაგიცვათ, მაგრამ აქ სიმართლის თქმას ვაპირებ. დღეს მე ვერ დავინახე, რომ მოგება გინდოდათ. ზოგიერთი თქვენგანი მაშინ უფრო კარგად თამაშობს, როცა ჩემზე გაბრაზებულია. ამიტომ, თუ გძულვართ, გძულდეთ – ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, თითოეულ ვარჯიშსა თუ თამაშზე, მზად უნდა იყოთ.
ვიცი, რა დონის მოთამაშეებიც ხართ. ვიცი, რომ ნიჭიერები ხართ, მაგრამ იმისათვის, რომ ტოპ გუნდი გავხდეთ, ფეხბურთის გაბედულად თამაში უნდა ისწავლოთ”, – ამბობს გვარდიოლა.