საჩხერეში მოჭადრაკე პოეტებს შორის ტურნირი გაიმართა
ოთხ აგვისტოს, საჩხერის სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე როსტომ წერეთლის სახელობის საჭადრაკო ბლიც-ტურნირი და ლექსების კონკურსი – „საჩხერის კონ–ტური“ მოეწყო. პროექტში, რომლის ავტორი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების წარმომადგენელი, კახა სამყურაშვილი იყო, მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ჩვენი ქვეყნის ჭადრაკის მოყვარულ პოეტებს. ამისთვის მათ უნდა გაეგზავნათ ელექტრონულ ფოსტაზე საკუთარი ლექსი ჭადრაკის თემაზე (რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული ინტერნეტ და ბეჭდურ სივრცეში).
შეირჩა ათი საუკეთესო ლექსის ავტორი, რომლებიც ერთმანეთს ჭადრაკის ტურნირში დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეჯიბრება გაიმართა წრიული სისტემით. საგულისხმოა, რომ თითოეულ მონაწილეს პარტიისთვის მიეცა ხუთი წუთი, ყოველ სვლაზე ხუთი წამის დამატებით. საბოლოოდ, ტურნირმა გამოავლინა სამი პრიზიორი:
I ადგილი – კახა სამყურაშვილი
II ადგილი – გიორგი ტყეშელიაძე
III ადგილი – კახა ქემერტელიძე
ტურნირში პირველ ადგილზე გასულ მონაწიელს გადაეცა ფულადი ჯილდო, 200 ლარის ოდენობით. ხოლო, მეორე და მესამე ადგილების მფლობელ მოჭადრაკეებს კი, შესაბამისად, – 150 და 100 ლარი. გარდა ამისა, ყველა მოჭადრაკე დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, სამახსოვრო სიგელით.
რაც მთავარია, სამ წარმატებულ მონაწილეს გადაეცათ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის საგზური, რომელიც გაიმართება „ბლექსიარენაზე“ 23 სექტემბერს. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროს ნომრით.
საგულისხმოა, რომ გამარჯვებულები დააჯილდოვა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ. საპატიო სტუმრებს შორის იმყოფებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილი. ასევე, საჩხერის მერი, ბენიამინ ფალავანდიშვილი.
საჭადრაკო ტურნირზე ერთ-ერთი საპატიო სტუმარი უნდა ყოფილიყო ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა მსოფლიო ლეგენდა ამჟამად ნორვეგიაში, სენიორთა შორის მიმდინარე ტურნირე იმყოფება და ამიტომ საჩხერეში ჩასვლა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მისი სახელობის თასი ესტუმრა იმერულ ქალაქს.
ტურნირზე გამოფენილი იყო გამოჩენილი ადამიანების საჭადრაკო დაფები.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოში ასეთი ღონისძების ანალოგი არასდროს ჩატარებულა.