ვილიანი: “იმედი მაქვს, კვლავ შევძლებ მოურინიოსთან თანამშრომლობას”
ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვილიანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გვაუწყა, რომ ლონდონში რჩება, აღიარა, რომ მომავალში ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით სურს თამაში.
“მოურინიო საუკეთესო სპეციალისტია, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია. ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, კარგი მეგობრები ვართ.ხშირად ვწერთ ხოლმე ერთმანეთს, ვესაუბრებით. მასთან მუშაობისას ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი, იმედი მაქვს, კვლავ შევძლებ მოურინიოსთან თანამშრომლობას.
არ ვიცი, იყო თუ არა ოფიციალური წინადადება “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან, მაგრამ ის ყოველთვის ესაუბრება ჩემს აგენტს და ეუბნება – “ჩემთან მოიყვანე, ჩემთან”.
ამაზე ბევრს, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ. ლონდონი გასაოცარი ქალაქია და აქ მე და ჩემი ოჯახი თავს დიდებულად ვგრძნობთ. ასე რომ, დიახ, აქ დარჩენას ვაპირებ,” – განაცხადა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა.