ლოპოტეგის პირველი კომენტარი უეფას სუპერთასის წაგების შემდეგ
მადრიდის “რეალი” უეფას სუპერთასის მატჩში თანაქალაქელ “ატლეტიკოსთან” დამატებით დროში დამარცხდა (2:2; 4:2). ეს ბოლო 18 წლის მანძილზე პირველი მარცხი იყო კონტინენტურ ფინალში “სამეფო კლუბისთვის”, თუმცა “ბლანკოსი” ამის გამო საკუთარი გეგმების შეცვლას არ აპირებს.
“კლუბის პოზიცია სატრანსფერო მარკეტზე ისეთივე დარჩება, როგორიც ამ მარცხამდე იყო. ლა ლიგა ძალიან მალე იწყება, ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მინდა, კარგად დავიწყოთ.
დამატებით დროშიც ძალიან კარგად ვთამაშობდით, შეთანხმებულად ვმოქმედებდით და სახიფათოდ ვუტევდით, მაგრამ გაშვებულმა გოლმა ყველაფერი არია. იძულებულები ვიყავით, გამოსწორებისთვის რისკიანი გადაწყვეტილებები მიგვეღო.
ფინალში მთავარი როლი დაშვებულმა შეცდომებმა ითამაშა – “ატლეტიკო” ექსპერტია ასეთი შეცდომების გამოყენებაში. ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ გამარჯვება, რომელიც სრულად დამსახურებული იყო,” – აცხადებს ხულიენ ლოპოტეგი.