უეფა გურამ კაშიას აჯილდოებს (ფოტო)
უეფა საქართველოს ნაკრების მცველს, გურამ კაშიას თანასწორი თამაშის (#EqualGame) 2017-18 წლების სპეციალურ ჯილდოს გადასცემს.
ქართველი ფეხბურთელი ერედივიზიონის ერთ-ერთ მატჩში მოედანზე ლგბტ საზოგადოების მხარდასაჭერი კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა. ამ ყოველივეს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოყვა. საზოგადოების ნაწილმა კაშია გააკრიტიკა და მისი საქართველოს ნაკრებიდან მოკვეთაც კი მოითხოვა.
“კაშიას ჟესტს მის სამშობლოში, საქართველოში უკიდურესად უარყოფითი გამოხმაურება მოყვა. ითხოვდნენ მისი ნაკრებიდან გარიცხვას. მიუხედავად უარყოფითი გამოხმაურებებისა, ის ამ აქციაში მონაწილეობას არ ნანობს და მრავალფერეოვნების მიმართ მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს”, – ვკითხულობთ უეფას განცხადებაში.
გურამ კაშიას ჯილდო უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა მიულოცა:
“ვულოცავ გურამს, ძლიერი ხასიათის და სიმამაცის გამოჩენას. მან ლგბტ საზოგადოებას მხარი მნიშვნელოვნად დაუჭირა, ამიტომ ამ ჯილდოს იმსახურებს”, – განაცხადა ჩეფერინმა,
უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე კაშიას კომენტარიც გამოქვეყნდა: “ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება დიდი პატივია. მე მჯერა, რომ ყველანი თანასწორები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა, რისი გვწამს, ვინ გვიყვარს ან ვინ ვართ. მადლობას ვუხდი უეფას პრეზიდენტს, ალექსანდრ ჩეფერინს. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვთამაშობდე, გავაგრძელებ თანასწორობის პრინციპების დაცვას.”
ცნობილია, რომ დაჯილდოების ცერემონიალი 30 აგვისტოს მონაკოში გაიმართება. ამავე დღეს უეფა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს დაასახელებს, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჩატარდება.