“ქართული სპორტის ქომაგების” განცხადება გურამ კაშიასთან დაკავშირებით
“ქართული სპორტის ქომაგები” ბოლო დღეებში გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გთავაზობთ განცხადებას, რომელიც “ქომაგების” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა:
“ქართული სპორტის ქომაგებს”, გვსურს, საკუთარი პოზიცია გამოვხატოთ ეროვნული ნაკრების კაპიტნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. იმის მიუხედავად, რომ თემაზე კამათი და დავა თვეებია არ წყდება, ვცდილობდით, ჩვენი მოსაზრება არ ყოფილიყო კიდევ ერთი განხეთქილებისა და აჟიოტაჟის საბაბი. გურამ კაშიას მიერ, სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის ნიშნად გაკეთებული კაპიტნის სამკლაურის შესახებ განსხვავებული პოზიციები გამოხატეს სხვადასხვა სფეროსა თუ ასაკის წარმომადგენლებმა, რაც ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, რომ არა კამათის დაუსრულებელი და გადაჭარბებული სახე და ფორმა. მიგვაჩნია, რომ დღეს დროა ჩვენი ფან-კლუბის მოსაზრება გამოვაქვეყნოთ და ამას თავის ობიექტური მიზეზები აქვს:
1. “ქომაგებს” კარგად გვესმის, რომ თავსმოხვეული საკითხები მიუღებელია საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, მათ შორის ჩვენთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო ტრადიციულ სახელმწიფოთა რიგს განეკუთვნება, სადაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ აწმყო, არამედ ისტორიული წარსულის კონტექსტი, წესები და ჩვეულებები, რომელსაც პატივს ვცემთ და ასე იქნება მომავალშიც. ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, შევიტანოთ საკუთარი წვლილი ქვეყნის განვითარებასა და ეროვნული ცნობიერებისა თუ თვითშეგნების გაღრმავებაში.
2. მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, ჩვენ, ასევე კარგად გვესმის ადამიანის თავისუფლების ცნება და პატივს ვცემთ ამ ღირებულებას, იმდენად, რამდენადაც საქართველო ყოველთვის იყო და იქნება თავისუფალი ადამიანების სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური რეპრესიების, ბედის უკუღმართობის თუ სხვა მიზეზების გამო არსებულ მძიმე ვითარებას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები თავს აღწევდნენ სწორედ თავისუფლების იდეით და თავისუფლების მიზნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკითხი, მისი მგრძნობიარობიდან გამომდინარე საჭიროებდა მეტ გაანალიზებას და ალბათ შესაძლებელი იყო მსგავსი პროცესების თავიდან აცილება.
3. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ გურამ კაშიას, როგორც რიგითი ჯარისკაცის და როგორც კაპიტნის მნიშვნელობას ეროვნულ ნაკრებში. ვერცერთი გულშემატკივარი, თუკი ის გულწრფელი იქნება, ვერ გაიხსენებს მატჩს და მომენტს, როცა ნაკრების კაპიტანმა გუნდს უღალატა და ბოლომდე არ დაიხარჯა. ვერცერთი ქომაგი, მას ბრალს ვერ დასდებს არაპროფესიონალიზმში და ეს მან არაერთგზის დაამტკიცა, არაერთ ვითარებაში.
4. გურამ კაშია არის თავისუფალი ადამიანი და მას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიციები, მათ შორის ისეთ მგძნობიარე თემებზე, რომელიც შესაძლოა ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილისთვის მიუღებელია და ეს არ აკნინებს მას, როგორც ფეხბურთელს.
5. რამდენიმე დღეში, ეროვნულ ნაკრებს წინ ელის უმნიშვნელოვანესი მატჩები და შანსი, ჩაწეროს ღირსეული ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამ შეხვედრებში ეროვნული ნაკრების მაისურს კვლავ მოირგებს და კვლავ ღირსეულად წარსდგება მოედანზე გურამ კაშია. ვფიქრობთ, ასეთ დროს, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალური თვითშეგნება უნდა გამოიჩინოს და თუკი არ შეუძლია გაამხნევოს, უარყოფითი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მაინც არ უნდა მოახდინოს მოთამაშეებზე. განსაკუთრებით მათ, ვისაც არც სამშობლოსთვის და არც ქართული ფეხბურთისთვის ღირებული არაფერი შეუქმნიათ, ჩასაფრებულნი ელიან ნაკრების თითოეულ წარუმატებლობას, რათა კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიონ ფეხბურთელები და ხელმოცარულნი ინტერნეტსივრცეში ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების მტკიცებას.
მოგიწოდებთ თითოეულ ქომაგს, თუ რიგით ადამიანს, შევწყვიტოთ ნაკრების კაპიტნის კრიტიკა, მაქსიმალურად მივმართოთ ჩვენი ძალები საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისკენ, თითოეული მოთამაშის, მათ შორის გურამ კაშიას მხარდაჭერისკენ და ერთად მოვიპოვოთ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება!
ქართული სპორტის ქომაგები