ადრიანო: “მხოლოდ მე ვიცი, რამდენად დიდი პრობლემა მქონდა”
მილანის “ინტერისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ადრიანომ განაცხადა, რომ მისი პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა მას მამა გარდაეცვალა.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა სერია A-ში რამდენიმე შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, რითაც ფეხბურთის გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა. 2009 წელს მან “ინტერი” დატოვა და ბრაზილიის ჩემპიონატში დაბრუნდა. მისი ბოლო კლუბი “მაიამი იუნაიტედი” იყო, რომელშიც 2016 წელს ირიცხებოდა.
ადრიანომ აღიარა, რომ ის “ინტერში” დილის ვარჯიშებზე ნასვამი მიდიოდა, კლუბს კი პრესისათვის მისი უთამაშებლობის მიზეზად კუნთების პრობლემების ხსენება უწევდა.
“მხოლოდ მე ვიცი, რამდენად დიდი პრობლემა მქონდა. მამაჩემის გარდაცვალებამ დიდი სიცარიელე დამიტოვა, თავი ძალიან მარტოდ ვიგრძენი. მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი ცუდისაკენ წავიდა, რადგან ჩემს თავში ჩავიკეტე. იტალიაში მარტო ვიყავი – სევდა და დეპრესია. ამის შემდეგ სმა დავიწყე.
ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიყავი, როცა ვსვამდი, ამიტომ ყოველ ღამეს ვსვამდი. ვსვამდი ყველაფერს, რაც ჩემს ხელში ხვდებოდა: ღვინო, ვისკი, არაყი, ლუდი. ძალიან ბევრი ლუდი. ალკოჰოლზე უარს ვერ ვამბობდი და საბოლოოდ, “ინტერის” დატოვება მომიწია.
დილით, ვარჯიშებზე ნასვამი მივდიოდი. არ ვიცოდი, სიმთვრალე როგორ დამემალა. სამედიცინო შტაბის წევრები თავიანთ ოთახებში გამოძინების საშუალებას მაძლებდნენ. “ინტერმა” პრესას უთხრა, რომ კუნთებზე პრობლემები მქონდა.
მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩემთვის პრობლემას ის ადამიანები წარმოადგენდნენ, რომლებიც ჩემს ირგვლივ იყვნენ. მეგობრები, რომლებსაც ქალბატონებთან ერთად წვეულებებზე მივყვებოდი. ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ მილიონებს ვეღარ ვიღებდი, მაგრამ ბედნიერება შევიგრძენი”, – განაცხადა ადრიანომ.