ნიკა კვეკვესკირი: “ვეცდებით, ყაზახეთის ნაკრების შეცდომები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთა ლიგას ურთულესი ტესტით იწყებს. ქართველების მეტოქე საკმაოდ ძლიერი ყაზახეთის ნაკრებია. დღევანდელ მატჩზე “ტობოლისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა.
– ფაქტი, რომ თქვენ და ჯაბა კანკავა ყაზახეთში თამაშობდით, დაეხმარება საქართველოს ნაკრებს? თუ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ასპექტი უმნიშვნელოა?
– არა, ვფიქრობ, რომ ახლა მსგავს რამეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყაზახეთში მუშაობის გამოცდილება ვლადიმერ ვაისსაც აქვს, ის ძალიან კარგად იცნობს ყაზახეთის ნაკრებსა და მის ფეხბურთელებს. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მოედანზე თუ დავეხმარებით საკუთარ ნაკრებს. ჩვენთვის ეს სასიამოვნო შეხვედრა იქნება მეგობრებთან. მათთან ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავამტკიცებთ, რომ საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია.
ჩვენი გუნდი ძალიან კარგად არის მომზადებული ამ მატჩისთვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. სიმბოლურია, ერთა ლიგა ამ მატჩით რომ იხსენბა. პირველ ადგილზე გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. მართალია, ყაზახეთის ნაკრებს მოსამზადებლად უფრო დიდი დრო ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვეცდებით, მეტოქის შეცდომები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
– თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად შესამჩნევია ყაზახური ფეხბურთის პროგრესი ბოლო წლებში?
– ვფიქრობ, პირველ რიგში ეს ფეხბურთში ჩადებული დიდი თანხის დამსახურებაა, რაც კლუბებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდება. ყაზახურ კლუბებში ძლიერი ლეგიონერები თამაშობენ.”ქაირატს” დიდებული პროექტი და ინფრასტრუქტურა გააჩნია. არის კიდევ ერთი გუნდი – “ასტანა”, რომეიც რეგულარულად მონაწილეობს ევროპა ლიგაზე. სწორედ ამ ყველაფრის ხარჯზე ვითარდება ყაზახეთის ნაკრები და ვფიქრობ, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება.