ვაისი: “ეს მხოლოდ დასაწყისია”
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო. ყაზახეთთან მოგებული მატჩის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესასთან ისაუბრა.
– ძალიან საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. დამსახურებული გამარჯვება იყო. ყაზახეთმა თამაში კარგად დაიწყო, თუმცა მალევე შევძელით მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უკეთაც შეგვეძლო. გვქონდა მომენტები, როდესაც გოლის გატანა და ყველაფრის გადაწყვეტა შეგვეძლო. ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, სახლში ბედნიერები ვბრუნდებით.
– როგორც ჩანს, ისლამხანი თქვენი ხელმძღვანელობით უფრო საინტერესოდ თამაშობდა.
– ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელების შეფასებას არ ვაპირებ, ეს ჩემი საქმე არ არის. ბატოს მიმართ მხოლოდ თბილი სიტყვების თქმა შემიძლია, პირველ ტაიმში გამორჩეულად თამაშობდა და მატჩის მიმდინარეობას აკონტროლებდა. მაგრამ ჩვენ მომზადებულები ვიყავით, ჯაბა კანკავას კარგად ჰყავდა აყვანილი. წარმატებებს ვუსურვებ მას როგორც ნაკრებში, ასევე “კაირატში”. უნდა ვთქვა, რომ ყაზახეთის ნაკრებმა დღეს ღირსეული თამაში აჩვენა. აქ თამაში ადვილი არავისთვის იქნება.
– რამდენად პრინციპული იყო თვენთვის სტოილოვთან დაპირისპირება?
– დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. სტოილოვთან ხან ვიმარჯვებდი, ხან ვაგებდი, ეს ფეხბურთია. ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო და ყაზახეთი უკეთ ათამაშდება. ახლა უკვე თბილისში ველით მათ.
-როგორ შეაფასებდით ჩაკვეტაძეს თამაშს?
– ეს მისთვის მხოლოდ მეორე მატჩი იყო ნაკრებში. ის ახალგაზრდაა, უდიდესი ნიჭით. ნამდვილად შეუძლია, დიდი ფეხბურთელი გახდეს. რა თქმა უნდა, მისთვის რთული იყო თამაში ასეთი პრესინგის ფონზე. ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ – შექმნეს დიდი საფრთხე მეტოქის კართან. რასაკვირველია, ჩვენ ფეხბურთელებს უკეთ შეუძლიათ თამაში, მაგრამ შეეძლოთ გაშვება, ამიტომაც 2:0 ჩვენთვის ბრწყინვალე შედეგია.
– როგორ განეწყობა გუნდი ლატვიასთან მატჩისთვის?
– გასახდელში მაშინათვე ვთქვი, რომ ვახშამისა და ცივი შხაპის შემდეგ, ხვალიდანვე იწყება ახალი ცხოვრება. რეაბილიტაციის პროცესი უნდა გავიაროთ. დაღლილობის ფაქტორიც არის, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ. ბედნიერი ვარ ბიჭების ასეთი განწყობით, ასე არასოდეს გახარებიათ გამარჯვება.
– რითი შეძლო ყაზახეთის ნაკრებმა თქვენი გაკვირვება?
– ორგანიზებულობით, მოედნის ცენტრი მაღალი პრესინგით, დისციპლინით. გაგვიმართლა, რომ ჩვენ გავიტანეთ გოლები. ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის ინდივიდუალიზმის მაღალმა დონემ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც მომავალშიც გაიზრდება. სტოილოვი გამოცდილი მწვრთნელია, “ასტანა” კი უკვე ევროპული გუნდია და აჩვენებს, თუ როგორ პროგრესირდა ყაზახური ფეხბურთი ბოლო 5-6 წლის მანძილზე.