მერებაშვილი: “მთელი გუნდი გურამ კაშიას გვერდით ვართ”
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა ლატვიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“გურამ კაშიასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ბევრჯერ დავაფიქსირე. გურამი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და პიროვნებაა. მთელი გუნდი მის გვერდით ვართ. ხვალ ქართული ფეხბურთისათვის მნიშნელოვანი დღეა, ამიტომ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ.
სასიამოვნოა, რომ ყაზახეთში გამარჯვება შევძელით. ვფიქრობ, მუხტი დაგვეხმარება და ვეცდებით, ხვალ წარმატებას მივაღწიოთ.
მინდა, ჩვენს ქომაგებს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ისინი ყაზახეთში გვერდით გვედგნენ. მათი დიდი დამსახურებაა, რომ გამარჯვება შევძელით. ასევე, მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ ხვალ სტადიონზე მოვიდნენ და ლატვია ერთად დავამარცხოთ.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის გასამართი შეხვედრა 9 სექტემბერს, “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.