პერესი: “ნადალის “რეალის” პრეზიდენტად არჩევა დიდებული გადაწყვეტილება იქნებოდა”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, შეგვიძლია, რაფაელ ნადალი “რეალის” პრეზიდენტობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მოვისაზროთ.
“რაფაელ ნადალი მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია. მისი არჩევა კლუბის პრეზიდენტის პოსტზე, დიდებული გადაწყვეტილება იქნებოდა,” – აცხადებს ფლორენტინო პერესი.
შეგახსენებთ, რომ პერესი “რეალის” პრეზიდენტის პოსტს 2000-2006 წლებში იკავებდა. მცირე პაუზის შემდეგ კი 2009 წელს დაუბრუნდა ზემოთხსენებულ თანამდებობას. ამ დროის მანძილზე 71 წლის სპეციალისტმა “რეალს” 22 ტიტული მოაგებინა, მათ შორის – 5 ჩემპიონთა ლიგა.
რაც შეეხება 32 წლის ნადალს, მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგანი მადრიდის “რეალის” დიდი ფანი გახლავთ. წესების თანახმად “რეალის” პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელიც ამ კლუბის ელჩის სტატუსს 20 წლის მანძილზე ატარებდა. ასე რომ, “რეალის” პრეზიდენტობის შანსი ნადალს 2031 წლამდე არ მიეცემა.