ილიას ზუროსმა ნაკრები ისრაელთან მატჩის წინ ნოკია არენაზე ავარჯიშა
ზუსტად 1 წლისა და 1 კვირის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თელ ავივის “მენორა მივტახიმის ნოკია არენაზეა” და მასპინძელი ისრაელის ნაკრებს უპირისპირდება. 2017 წლის 5 სექტემბერს, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში ილიას ზუროსმა სავსე, 8-ათასიანი ტრიბუნების წინ დრამატულ, ოვერტაიმიან მატჩში 104:91 დაამარცხა ისრაელი, თუმცა… მეორე დღეს ქართველები ქულით დამარცხდნენ იტალიასთან და დარჩნენ იმის იმედად, რომ ისრელი ჯგუფის უკნასკნელ მატჩში უკრაინას დაამარცხებდა, მაგრამ უმოტივაციოდ დარჩენილმა ებრაელებმა სლავებთან დიდი ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოიჩინეს და საქართველო ჯგუფში ჩარჩა.
13 სექტემბერს საქართველოს აქვს შანსი, კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს საკუთარი ძალა ისრაელის ნაკრებს. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტოო მატჩში ილიას ზუროსის გუნდი ებრაელებს კვლავ “მენორა მივტახიმის” არენაზე დაუპირისპირდება. არც ისრაელი და არც საქართველო არ არიან ჯგუფის ფავორიტები, რადგან პირველი ეტაპიდან საბერძნეთს, გერმანიას და სერბეთს გაცილებით მეტი ქულები გადმოჰყვათ და დიდი სენსაცია იქნება ამ ლიდერთა ტრიოს წინ მყოფ 6 ტურში ვინმე შეეცილოს მსოფლიო ჩემპიონტის საგზურს.
ილიას ზუროსმა “მენორა მივტახიმზე” საქართველოს ნაკრებს საღამოს ვარჯიში ჩაუტარა. ბერძენმა სპეციალისტმა აქცენტები ძირითადად სათამაშო კომპონენტებზე გააკეთა და ბიჭები ორმხრივად ათამაშა. ამასთან ერთად ზუროსმა დამცველების გარეშე, ძირითადად ბლოკების დასახვეწად საჭირო ვარჯიშები ჩაუტარა და ბოლოს, განწყობილების ასამაღლებლად, ორად გაყოფილი მოთამაშეები ცენტრიდან სროლებში შეაჯიბრა.
ტრავმა არავის აწუხებს, განწყობა კი საბრძოლოა. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.